მსახიობსა და მოდელ კესარია აბრამიძეს ყოფილმა შეყვარებულმა 28 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ამ დანაშაულის ჩასადენად დაახლოებით 15 წუთი დასჭირდა.
მოძალადისგან თავის დაღწევას კესარია აბრამიძე თვეების განმავლობაში ცდილობდა, ამის შესახებ საჯაროდაც წერდა, საქართველოს დატოვება ცოტახნით მოუწია კიდეც, თუმცა მის გზავნილებზე სახელმწიფო არ რეაგირებდა. ბრალდებული ბექა ჯაიანია -“ოცნების” ზონდერი, რომელიც დემოკრატიისთვის მებრძოლ ახალგაზრდებს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე სცემდა და არბევდა.
მას შემდეგ რაც ბექა ჯაიანმა სამონადირეო მაღაზიაში მკვლელობის იარაღი შეიძინა, წინასწარ დაგეგმილი დანაშაულის სისრულეში მისაყვანად ტაქსით დიღომში, კესარია აბრამიძის სახლისკენ წავიდა.
სათვალთვალო კამერით გადაღებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ბექა ჯაიანი კესარია აბრამიძესთან გამოგონილი მიზეზით, თუმცა სულ სხვა მიზნით, 18:55-ზე მივიდა. 19:09-ზე კი კიბეებზე ჩაირბინა და კორპუსი დატოვა. ჯაიანს 14 წუთი დასჭირდა, რომ ბინაში შესულიყო და ქალისთვის 28 სასიკვდილო ჭრილობა მიეყენებინა.
მოკლული ქალის მეგობრები იხსენებენ, რომ კესარია აბრამიძისა და ბექა ჯაიანის თითქმის 2 წლიანი ურთიერთობის მანძილზე, ჯაიანის მხრიდან ხშირი იყო ძალადობის შემთხვევები, მათ შორის მუქარები, რომ კესარიას მოკლავდა. ერთ-ერთი ძალადობრივი ფაქტის შესახებ აბრამიძე სოციალურ ქსელში თავადაც წერდა.
დაშორებისა და უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი ჯაიანის საქმიანობაც იყო. ირკვევა, რომ 26 წლის კაცი ქართული ოცნების ზონდერი იყოს და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე ახალგაზრდებს არბევდა. ვიდეო კესარია აბრამიძემ მეგობრებს თავად აჩვენა და მოუყვა, რომ მისი პარტნიორი აქციაზე ბავშვებს ცემით იყო დაკავებული.
ბოლო დღეებში მკვლელობის მოტივის ბევრი ვერსია გავრცელდა. საუბრობდნენ, რომ მიზეზი შესაძლოა ურთიერთობის გასაჯაროება ყოფილიყო. კესარიას ახლო მეგობრები გვიყვებიან, რომ მათი ურთიერთობის შესახებ ორივე მათგანის გარემოცვამ ყველაფერი იცოდა. მეგობრებისვე ინფორმაციით, მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, სოციალურ ქსელში ფოტოების გამოქვეყნებაც მკვლელობაში ბრალდებულის ინიციატივა იყო.
კესარიას მეგობრები ვარაუდობენ, რომ ჯაიანი ერთხელ გაჟღერებული მუქარის შესასრულებლად დღეების განმავლობაში ემზადებოდა, 18 სექტემბერს კი ზუსტად იცოდა რას აკეთებდა. მოკლული ქალის მეგობრები დარწმუნებულები არიან რომ ჯაიანს გაქცევის გეგმაც შემუშავებული ჰქონდა, თუმცა ქვეყნის დატოვების უფლება პოლიციამ არ მისცა.
კესარია აბრამიძის მკვლელობამ კიდევ ერთხელ გამოიტანა სააშკარაოზე სისტემური პრობლემები რომელსაც ბევრი ქალი ეწირება. მიუხედავად მისი საჯარო და წარმატებული კარიერისა, სახელმწიფომ კესარია ვერ დაიცვა.