ხვალ, სასტიკად მოკლულ ქალს, კესარია აბრამიძეს დაკრძალავენ. გუშინ, მკლელობისთვის დაკავებული ბექა ჯაიანის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა. მკვლელობაში ბრალდებული, ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა დაკავების შემდეგ დანაშაულის დეტალებზე სამართალდამცველებთან ისაუბრა.
მოკლულის მეგობრები ამბობენ, რომ წყვილი ხშირად ჩხუბობდა, რადგან ჯაიანი ყველაზე ეჭვიანობდა და კესარია მეგობრებთან მიმოწერასაც კი ვერ ბედავდა, როდესაც ჯაიანთან ერთად იმყოფებოდა.
ინდირა ჯგერნაია კესოს მეგობარი იყო. როგორც მომღერალი ჰყვება, ერთხელ კესომ ვიდეო გამოუგზავნა, სადაც ჩანს, რომ მკვლელობისთვის დაკავებული მოკლულის სახლში ჭურჭელს რეცხავს. დეტალებიდან ჩანს, რომ ისინი ბოლო ორი წელი ერთად ცხოვრობდნენ, როგორც ოჯახი.
„ბექა ჯაიანს პირადად არ ვიცნობდი, კესოსგან ვიცოდი მის შესახებ. ძალიან შეზღუდული იყო კესო მის გვერდით, ვერ საუბრობდა ვერაფერზე, როდესაც ეს ბიჭი მასთან იყო სახლში.
ასე ვიდეოს გამომიგზავნიდა და როცა მარტო დარჩებოდა, გადმომირეკავდა ხოლმე. კესოს ძალიან უნდოდა ოჯახი ჰყოლოდა, უნდოდა ბოლომდე ქალივით ეცხოვრა, უნდოდა ვინმე მის გვერდით ძლიერი ჰყოლოდა. ეს ბიჭი ძალიან ეჭვიანი იყო.
კესო გარეთ ბრჭყვიალებდა, უამრავ რამეს არ იმჩნევდა და არ აგრძნობინებდა არავის. ეს ბიჭი პირიქით, კარგად იყო ჩასახლებული კესოსთან და არც მდიდარი ყოფილა. უბრალოდ, კესო ფუთავდა, უყვარდა და ფუთავდა.
ერთი კვირის უკან გვქონდა მაგაზე საუბარი, არ ისვენებს, არ მანებებს თავსო. კესო გრძნობდა, რომ არ მეხატებოდა ბექა გულზე და ვამბობდი კიდეც, მოაშორე აქედან, რას გადაგვაყოლე ამ კაცს-მეთქი. კაი დაო, საყვარელიაო. სულ ამას იმეორებდა. მის მიმართ ცუდად მას შემდეგ განვეწყე, რაც გავიგე, რომ ფიზიკურად შეეხო.
ვეუბნებოდი, რად გინდა მასეთი კაცის ცოლობა, უფრო მოგაქცევს კლანჭებში და დაგაზომბებს, სახლიდან გარეთ გასვლა აღარ მოგინდება-თქო. რისთვის იწვალე ამდენი, სამზარეულოს ქალობა გინდა, მაგ ფრჩხილებით საჭმელი უნდა აკეთო-მეთქი”, – განაცხადა ინდირა ჯგერენაიამ.
კითხვაზე; კესოსგან რა იცი, იმ ბიჭის მხარემ თუ იცოდა მათი ურთიერთობის შესახებ? ინდრირა პასუხობს:
„უტყდებაო, ამბობდა, მარტივი ხომ არ არის, კესარიას გვერდით ქართველი ტიპი რომ იჩითებიო. ერთადერთი ის ვიცოდით, რომ ეს ბიჭი უცოლო იყო. მეგობრებს ჩააწერინა ვიდეოები, ბექა, კესოს უყვარხარ. მე რომ მითხრა, ძალიან ვეჩხუბე. ბოლო დროს მტკიცების ფორმაში იყო. მე არ ჩავუწერე ვიდეო. ძალიან არ მინდოდა ეს ბიჭი მისთვის. მეუბნებოდა, შენ რანაირი მორიელი ხარ, ჩემი მტერი ამოიჩემეო. აღმოჩნდა, რომ მართლა მისი მტერი ამოვიჩემე.
კესო ჩემთვის ყოველთვის ქალი იყო. მარტო მასზე არ ძალადობნენ, ქალი რატომ არის დაბალი ღობე ჯერ კიდევ 21-ე საუკუნეში. არ მიყვარს ადამიანების ჩაგვრა და ვერ შევეგუები ამას ვერასოდეს. კესო რომ არ ყოფილიყო ტრანსგენდერი ქალი, ჩვეულებრივ მოიყვანდა ცოლად, მაგრამ ისეთი ეჭვიანი ადამიანი, როგორიც ბექა იყო, იმ სალამაზეს და სითამამეს არ შეარგებდა, მაინც ფატალური შედეგით დასრულდებოდა, ისევე როგორც სხვა მრავალი ქალის ცხოვრება ჩვენს ქვეყანაში.
გარდაცვლილი კესარიას ფოტო რომ ვნახე, იმის მერე ორი ღამეა არ მძინავს, არ ვიცი, დიდხანს გამყვება ეს ტკივილი. ძალიან მენანება, გამიჭირდება კვირას იქ დგომა”, – თქვა მან.
წყარო: ambebi.ge