სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს რომ ცეკვის მასწავლებელმა მოსწავლე სცემა.
კადრები დარბაზში დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ ფაქტს საზოგადოებაში უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა და მასწავლების კანონის შესაბამისად დასჯას მოითხოვენ.
ნახეთ ფოტოები:
მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი, თამარ მესხიძე ცეკვის მასწავლებელს, მერაბ დოლიძეს, რომელიც ამავე სასახლეში მასწავლებლად მუშაობდა და ამჟამად 12 წლის მოზარდის ცემის ფაქტზეა ბრალდებული, როგორც პიროვნებას, დადებითად აფასებს.
დირექტორმა მედიასთან დაადასტურა, რომ მერაბ დოლიძე სასახლიდან ამ ფაქტის შემდეგ გაათავისუფლა და მანამდე მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.
“სამწუხარო ფაქტი მოხდა. მერაბ დოლიძე 2001 წლიდან მუშაობს ქორეოგრაფად, მე 2013 წლიდან დირექტორი ვარ და მსგავსი ფაქტის არც მომსწრე გავმხდარვარ, არც ზეპირი და წერილობითი განცხადებით მოუმართავს ვინმეს ამ ადამიანზე.
ქორეოგრაფებს რომ სჩვევიათ ხმის აწევა, მერაბი პირიქით, ყოველთვის ძალზე მოკრძალებული, ქალის, ბავშვის და ზოგადად ადამიანის პატივისმცემელი იყო.
ცეკვის დარბაზი ჩემი კაბინეტის გვერდითაა და იმდენად მიყვარს ქართული ცეკვა, ხელოვნება (მე თვითონ ქორეოგრაფ მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის საპატიო წევრი ვარ), ამ მიმართულებისადმი დიდი ინტერესი მაქვს და ხშირად ვესწრებოდი რეპეტიციებს. ყოველთვის გაოცებული ვიყავი, ბავშვებს ისე უყვართ, რეპეტიციები ჩახუტების გარეშე არ სრულდებოდა, ასე ემშვიდობებოდნენ მასწავლებელს“, – ამბობს ambebi.ge-სთან საუბრისას აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი.
დასმულ კითხვაზე, თუ რა გახდა მომხდარის მოტივი, თამარ მესხიძემ უპასუხა:
“ეს მოხდა 10 სექტემბერს. იმ საღამოს, სტუმრები მყავდა თბილისიდან და 6 საათის მერე წავედი (ზოგადად, 9-მდე ვარ). იმ დღეს ინციდენტის შესახებ არაფერი გამიგია. პოლიცია 7-ის მერე მისულა. მეორე დღეს მივიღე ინფორმაცია, რომ სასწრაფო წესით უნდა მივსულიყავი, პატრული იყო გამოძახებული. ადგილზე მშობელი დამხვდა, რომელმაც იჩივლა და მას გამოუძახებია პოლიცია.
ვთხოვე, დამლაპარაკებოდა, მაგრამ არ შემომყვა შენობაში, ანუ ჩემთან არანაირი განცხადება არ გააკეთა და პირდაპირ დაურეკა სამართალდამცველებს. როცა ისინი მოვიდნენ, ერთად ამოვიღეთ და ვნახეთ ძალადობის კადრები. მასწავლებელი ამბობდა, დავსაჯე ბავშვი და მშობელმა უშვერი სიტყვებით მომმართაო.
ფაქტია, კამერების ამონაწერი მქონდა და ზედმეტი შეკითხვა არ დამისვამს, როგორც კი ჩანაწერი გავხსენით, მყისიერად მივიღე მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება. როგორც თავად მერაბ დოლიძე ამბობდა, ეს ბავშვი სხვაზე ძალადობდა და ამან გააღიზიანა. – და ასეთი ფორმით მოაგვარა პრობლემა? ბავშვს დაზიანებები ჰქონდა? – ფაქტია, მკაცრად დასაჯა. ბავშვი 11 წლისაა, მას, როგორც ასეთი, სხეულზე დაზიანებები არ აქვს.
სკოლიდან მაქვს ინფორმაცია, რომ ბავშვი დადიოდა გაკვეთილებზე, სულ ვკითხულობდი მის მდგომარეობას. – ქორეოგრაფს ორი საჩივარი შეუტანია – დედის და მამიდის გარდა, თქვენთანაც აქვს პრეტენზია…
ჩივის იმიტომ, რომ ბავშვის დედა და მამიდა რეპეტიციაზე შესულან და შეურაცხყოფა მიუყენებიათ (ამის კადრები არ გავრცელებულა) – ქალბატონები შედიან და ქორეოგრაფს განმარტებას სთხოვენ, ძალზე არასასიამოვნო კადრებია…
ჩივის იმასთან დაკავშირებით, რომ მათ გამო ბავშვებმა რეპეტიციაზე სტრესი მიიღეს. მეორე საჩივარი ჩემს გადაწყვეტილებას ეხება, მისი ადვოკატი გათავისუფლების გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.
მერაბის მეუღლე მოვიდა და მითხრა, ვასაჩივრებთ, ადვოკატმა გვირჩიაო. მზად ვარ ყველაფრისთვის, ვინაიდან ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. მას ვურჩიე, ადვოკატი გამოეცვალათ, საქმე არასწორი მიმართულებით მიჰყავს-მეთქი, მხოლოდ ეს ვუთხარი.
როცა გავიგე, მეორე მხარეს უჩიოდა, ეს ქმედებაც არასწორია. ჩემს გადაწყვეტილებას როცა ასაჩივრებს, ალბათ ამართლებს მის საქციელს, არ ვიცი, მე მასთან ამაზე საუბარი არ მქონია.
“გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაზარალებული ოპოზიციონერის შვილია, ამ ფაქტს მომხდართან რა კავშირი აქვს?“- აღნიშნულ კითხვაზე კი სასახლის დირექტორმა, შემდეგნაირად უპასუხა:
“ბავშვის მამა ბატონი გოჩა ხულოს მერი იყო და მას შემდეგ არ ვიცი, სად წავიდა. მე ჩემი საქმე მაქვს და პოლიტიკასთან არ მაქვს კავშირი, ასე რომ, მართლა არ ვიცოდი, მისი პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ.
ფაქტი ისაა, რომ მოხდა ცუდი ამბავი, ვგმობ ყოველგვარ ძალადობას, რაც არასდროს ყოფილა ჩვენთან – სასახლე არსებობის 75 წელს ითვლის და ამ შენობაში მსგავსი არაფერი მომხდარა, პირიქით, ეს სიყვარულის და სითბოს ადგილია, სადაც ბავშვები სიხარულით მოდიან, ვერავინ იტყვის, რომ მსგავსი რამ ხშირად ხდებოდა და ბავშვებს თბილი გარემო არ ხვდებოდათ.
რა მოხდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვერ გეტყვით, თუმცა სახელდება ის ფაქტი, რომ ერთი ბავშვი ძალადობდა მეორეზე და ამან გააღიზიანა მასწავლებელი.“ – აღნიშნა თამარ მესხიძემ.