ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ცეკვის მასწავლებელს, რომელმაც 12 წლის მოზარდი სცემა.კადრები “ბათუმელებმა” გაავრცელა. მათი ინფორმაციით, ერთი გაკვეთილის განმავლობაში მასწავლებელმა ბავშვზე არაერთხელ იძალადა, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად და ფაქტს სხვა ბავშვებიც ესწრებოდნენ.
მასწავლებელი, რომლის კადრებმა დილიდან სოციალური ქსელები მოიცვა, მერაბ დოლიძეა. მას ცეკვის მასწავლებლად მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს. ის სამსახურიდან უკვე გაათავისუფლეს.
“არანაირი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით ადრე არ მქონია. ვინმე მშობელი განცხადებით შემოსულიყოს, ან წერილით – მსგავსი ინფორმაცია არ მქონდა არასდროს. არასოდეს პრეტენზია (პედაგოგის შესახებ) არ დაფიქსირებულა. ჩვენთან ასწავლის 2001 წლიდან. მეუღლე უბრალოდ ეხმარება მას. არასრულწლოვანი ბავშვები არიან ჩასასვლელი ქვევით და ეხმარება მას რომ ქვევით ჩაიყვანოს ხოლმე. 12 სექტემბრის ბრძანებით გათავისუფლებულია სამსახურიდან. სამართალდამცველებმა მოიტანეს განჩინება და კამერის ჩანაწერები ამოიღეს. შესაბამისად მოხდა კადრების წაღება” – გვითხრა ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორმა თამარ მესხიძემ.
“ცუდი ფაქტი მოხდა. ბოდიშს ვიხდი, ვინანიებ, მაგრამ მაინც მაქვეყნებენ… არ ვიცი, რა გითხრათ.. ეს ბავშვი მეორე ბავშვს სცემდა და ამაზე გავღიზიანდი, წამოვარტყი, ეს არის. არ ვიცი, ეს როგორ დამემართა, არასდროს ბავშვზე ხელი არ ამიწევია. დედა ახალი გარდაცვლილი მყავდა, ალბათ ამიტომ ვერ შევიკავე თავი. საჩივარი შევიტანე, კი…
მეორე დღეს დედა და მამიდა შუა რეპეტიციაზე შემომივარდნენ წივილ-კივილით, ბავშვები შემიშინეს, ვთხოვე, რეპეტიცია დამთავრდება და შემდეგ დავილაპარაკოთ-მეთქი და არ დაიშალეს, იყო ფიზიკური შეხებაც. ეს კადრები არსად გასულა. ამ ფაქტის შემდეგ დირექტორმა გამათავისუფლა, უბრალოდ, მე და ადვოკატმა მოვითხოვეთ, რომ არ გავეთავისუფლებინე, სანამ სასამართლო არ დასრულდებოდა და განაჩენს არ გამომიტანდნენ.
ადვოკატმა საჭიროდ ჩათვალა მოგვეთხოვა, რის საფუძველზე ვიყავი გათავისუფლებული და ამას მიეცა მერე მსვლელობა, თორემ მე თავს კი არ ვიმართლებ, რა მაქვს გასამართლებელი? ვნანობ, ოჯახს დავდევდი და ვთხოვდი, იქნებ ეპატიებინათ. პირველი შემთხვევა იყო… გეფიცებით, 25 წელია ბავშვებთან ვარ და საერთოდ არ ვეკარები მათ, ამასობაში ჩემთან, დარბაზში ჩხუბიც არ მომხდარა ერთმანეთში და ამან ცოტა გადამიყვანა ჭკუიდან, დედა ახალი მკვდარი მყავდა და ესეც დაემატა… ბავშვზე ლაპარაკი არ მინდა, მასზე საყვედურის თქმა არ მინდა, ამას არასდროს გავაკეთებ, მათ საკუთარი შვილებივით ვზრდიდი… მშობლებს არაფრის გაგონება არ უნდათ, კადრები დადეს და ამან უფრო გაამძაფრა სიტუაცია, ჩემგანაც საჩივარი შევიდა და… მოკლედ, არ ვიცი…ძალიან ვნანობ”.