უმძიმესი ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ სცემს ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ქორეოგრაფი 12 წლის მოზარდს, გუშინ „ბათუმელებმა” გაავრცელეს. მასწავლებელი, რომლის კადრებმა დილიდან სოციალური ქსელები მოიცვა, მერაბ დოლიძეა. მას ცეკვის მასწავლებლად მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს. ის სამსახურიდან უკვე გაათავისუფლეს.
პედაგოგი 2000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა ასევე ბათუმის საქალაქო სასამართლომ. ვიდეოში, სადაც 12 წლის ბიჭზე მერაბ დოლიძე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობს, ჩანს, რომ სხვა ბავშვებიც ესწრებიან.
დოლიძე ამბობს, რომ მომხდარს ნანობს. მისი თქმით, ოჯახს პატიებაც სთხოვა…
სხვა რამეს ამბობს მოზარდის მამა გოჩა მელაძე, რომელიც წლებია პოლიტიკაშია. ბატონი გოჩა ოცნების მთავრობის დროს ხულოს მუნიციპალიტეტის მერი იყო. ახლა კი გიორგი გახარიას „საქართველოსთვის” წარმოადგენს.
“ერთი თვეა ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ, ეს ფაქტი 10 სექტემბერს მოხდა. იმ დღეს, მეუღლის თხოვნით, ცეკვიდან ბავშვის გამოსაყვანად ოჯახის რძალი მივიდა. ჩემი შვილი განერვიულებული და ნამტირალევი დახვდა. რძალმა ჩემს მეუღლეს დაურეკა და უთხრა, რომ ბიჭი პედაგოგმა სცემა. მეუღლემ სთხოვა, არ წასულიყო, მეც მოვალ და გავარკვევ, რაშიაო საქმე. მერაბ დოლიძე ჩემს რძალს ძალიან აგრესიულად ესაუბრა, 15 წუთში, როდესაც მეუღლე მივიდა, ეს კაცი წასული დახვდა.
როდესაც დამირეკეს, სამსახურში ვიყავი. ადრე ჰქონდა ამ კაცს ბავშვებთან თავში წამორტყმის ფაქტები. ჩემი დის შვილიც იქ სწავლობს. მივედი, გავაფრთხილე, რომ არასწორი იყო ასეთი საქციელი. მშვიდობიანად დავშორდით. ამიტომ ოჯახს ვუთხარი, არ ინერვიულოთ, შეიძლება ბავშვი აზვიადებს, მე მივალ და ვნახავ-მეთქი.
მეუღლემ და ჩემმა დამ მეორე დღეს გადაწყვიტეს თავად მისულიყვნენ. დარბაზის კარზე დაუკაკუნეს, რეპეტიცია ჰქონდა. მეუღლემ აუხსნა, რომ ბავშვის დედა იყო და აინტერესებდა, რატომ სცემა მისი შვილი. პედაგოგი მაშინვე შეტევაზე გადმოვიდა, იქამდეც მივიდა საქმე, რომ ჩემი და იძულებული გახდა, პოლიციაში დაერეკა. მეუღლემ მითხრა, შუაში ჩავდექიო, ტელეფონს ხელიდან მართმევდა, არ დამღუპოო.
მე რომ დამირეკეს, უკვე განყოფილებაში იყვნენ. გამოძიება დაიწყო, ამოიღეს ჩანაწერები, რომელიც მაშინ ჩვენთვის არ მოუციათ. ბავშვის ექსპერტიზა ექვსი დღის შემდეგ დაინიშნა. პროკურატურაში მივედი და ვუთხარი, რომ პატიმრობას ვითხოვდი და ქორეოგრაფი უმკაცრესად უნდა დასჯილიყო. წლებია, რაც სხვების ოჯახებს ვიცავ და გამოდის, ჩემი ოჯახი ვერ დამიცვია-თქო. ეს უნდა იყოს სამაგალითო და უნდა დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით-მეთქი. მეორე დღეს სხვა პროკურორი მოვიდა, რომელმაც სასამართლოს 5 ათას ლარიანი გირაოთი მიმართა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ ბეჟანიშვილმა 2 ათას ლარიანი გირაოთი გამოუშვა ეს სამარცხვინო არსება გარეთ. მერაბ დოლიძემ შემდეგ აიყვანა ადვოკატი, რომელმაც ჩემი ოჯახის წევრებს აქეთ უჩივლა. რის მონანიება, საპასუხო საჩივარი შეიტანა.
ნამდვილად გიდასტურებთ, რომ ბავშვებს შორის რაღაც მოხდა. ის ბავშვი დიდი ხნის მოცეკვავე იყო, ჩემი შვილი ახალი მისულია. შელაპარაკება მოხდა, რომ ჩემი შვილი რაღაც ილეთს ვერ აკეთებდა და ბავშვებმა იჩხუბეს. ეს იყო რიგითი ბავშვების ქიშპობა. ჩემი ოჯახი მივიდა იმ ბავშვის მშობლებთან და გაოგნებულები არიან. ამ დროს, ამ კაცმა იმის მშობლებს შეუთვალა, ხომ ნახეთ, თქვენი შვილის გამო რა დამემართა და ახლა თქვენც იმოქმედეთო” – აცხადებს გოჩა მელაძე.
მისივე თქმით, შვილთან ფსიქოლოგები მუშაობენ.
„ფსიქოლოგები ჩავრთეთ, რადგან მამიდას მოუყვა, რომ სიზმარში ნახა, როგორ ავიდა მასწავლებელი ავტობუსში, არ მინდა ციხეშიო და მცემაო. ლაღი, ცელქი ბავშვია, ცეკვაზე იმიტომ მივიყვანე, რომ მერე ძიუდოზე შემეყვანა, მუხლები გაუმაგრდეს-თქო. ეს ხომ რაღაც კერძო სტრუქტურა არ იყო, სახელმწიფოს მივაბარე ბავშვი, სადაც ასე მოექცნენ. ამ საქმეს აუცილებლად მივიყვან ბოლომდე. მაქსიმალურად შევინარჩუნე სახე და სახელმწიფოს მივანდე მართლმსაჯულება. პარლამენტის წინ, თუნუქის ფურცლის გაჭრაზე ციხეში იჭერენ ბავშვებს და რატომ უნდა გამოუშვან 2000-ლარიანი გირაოთი 12 წლის ბავშვზე მოძალადე ადამიანი”, – აღნიშნა გოჩა მელაძემ.
წყარო: ambebi.ge