28 წლის ნიკა ღვინიაშვილის მკვლელობის ისტორია და საქმის ახალი დეტალები – “შაბათის მთავარი” ქარელში შვილმკვდარ ოჯახს შეხვდა. ღვინიაშვილის ოჯახი ამტკიცებს, რომ მათი შვილის სასტიკ წამებასა და მკვლელობაში არამხოლოდ ძმები მედოშვილები, არამედ დაკავებულებიდან ერთ-ერთის არასრულწლოვანი შვილიც ფიგურირებს. ოჯახის ბრალის წარდგენას მისთვისაც ითხოვს.
მკვლელობა ქარელში 2 სექტემბერს მოხდა.
მოკლულის დედამ მომხდარიდან ერთი თვის შემდეგაც არ იცის რატომ გაიმეტეს თანასოფლელებმა მისი შვილი სასიკვდილოდ. შორენა ჯოხთაბერიძე მომხდარის დროს ემიგრაციაში იყო. შვილმკვდარი დედა ყვება, რომ შვილს მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ესაუბრა.
შორენა ჯოხთაბერიძე დანაშაულის მოტივთან ერთად, იმის გარკვევასაც უშედეგოდ ცდილობს, რატომ არ აკავებს პოლიცია მისი შვილის მკვლელობაში მონაწილე მესამე პირს.
“ცხვირი, სახე, ყელი დაზიანებული ჰქონდა… ნახოხიალები იყო. რატომ გაიმეტეს ჩემი შვილი, რა უნდოდათ? პოლიცია დანაშაულის ადგილას მყოფ ადამიანს არ აკავებს” – აცხადებს შორენა ჯოხთაბერიძე.
დედის მონაყოლით მძიმე დანაშაულს სამი მონაწილე ჰყავს, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ ორია პასუხისგებაში მიცემული. პირი, რომლის დასჯასაც მოკლულის ოჯახი უშედეგოდ ითხოვს, ერთ-ერთი ბრალდებულის 17 წლის შვილია, რომელიც დედის მტკიცებით, მამას და ბიძას დანაშაულის ჩადენაში ეხმარებოდა.
28 წლის ნიკა ღვინიაშვილის ცხედარი სოფელ ზღუდერში ადგილობრივებმა იპოვეს. მას ხელები ზურგზე თოკით ჰქონდა შეკრული. ახალგაზრდა მამაკაცს ყელის, სახისა და სხეულის სხვა ადგილებში ჩალურჯებები და სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა. მოკლულის ოჯახის მონათხრობით, ძმებმა ემზარ და ელგუჯა მედოშვილებმა ნიკა ღვინიაშვილს ჯერ სცემეს, შემდეგ დააბეს და გაგუდეს.
28 წლის ბიჭის ოჯახის წევრები შაბათის მთავართან იხსენებენ, რომ ნიკა ღვინიაშვილსა და ძმებს წარსულში დაპირისპირება არ ჰქონიათ. შესაბამისად, კიდევ უფრო ბუნდოვანია, რატომ გაიმეტეს ძმებმა მეზობელი სასიკვდილოდ. ამ დროისთვის ერთადერთ მოტივად სუფრაზე დაწყებული კონფლიქტი სახელდება. ამ ვერსიაზე მხოლოდ ბრალდებულები საუბრობენ და ამტკიცებენ, რომ ნიკა ღვინიაშვილთან სიტყვიერი შელაპარაკება იმ დროს მოუვიდათ, როდესაც ისინი სადღეგრძელოს ამბობდნენ, 28 წლის ბიჭი კი მათ დასცინოდა.
ოჯახი, სადაც გავრცელებული ვერსიით მხარეებს შორის კონფლიქტი დაიწყო, კამერებთან გამოჩენას ერიდება, რაც მოკლული ნიკა ღვინიაშვილის ახლობლებს ეჭვებს უჩენს.
მდინარის ნაპირი, სადაც 28 წლის ნიკა წამებით მოკლეს, ბრალდებული ძმების სახლიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობას. როგორ აღმოჩნდა იქ მოკლული და რა მოხდა სუფრიდან ნიკა ღვინიაშვილსა და ბრალდებულების წასვლის შემდეგ? ამ კითხვაზე მოკლულის ოჯახს პასუხი ამ დრომდე არ აქვს.
28 წლის ნიკა ღვინიაშვილი მდინარის ნაპირზე ნათლიას რომ უნდა შეხვედროდა ეს მოკლულის ოჯახისთვის დადასტურებული ფაქტია, ბადრი გაზაშვილი ახლა ამ საქმის ოქროს მოწმე და ის პირია, რომელიც სასტიკი დანაშაულის პირდაპირი თვითმხილველი გახდა. მოწმე მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია და ინტერვიუზე უარს ამბობს, თუმცა გამოძიებას დეტალურად მოუყვა როგორ სცემდნენ ხელებშეკრულ ნიკას ძმები მედოშვილები. ოჯახი არ გამორიცხავს, რომ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და წამების შემდეგ, ბრალდებულები ახალგაზრდა მამაკაცის ცხედრის გადამალვას აპირებდნენ, გეგმის სისრულეში მოყვანას კი ხელი სწორედ საქმის ოქროს მოწმემ შეუშალა.
სასტიკი დანაშაულისთვის დაკავებული ძმების ოჯახმა სოფელი მომხდარის დღესვე დატოვა. მედოშვილების სახლი თვეზე მეტია დაკეტილია, ტერიტორიას კი პოლიცია იცავს.
დანაშაულის საქმეზე ამ ეტაპზე სასჯელს მხოლოდ ორი პირი, ძმები ელგუჯა და ემზარ მედოშვილები იხდიან. მათ 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, გაიზრდება თუ არა ბრალდებულთა წრე, ეს სავარაუდოდ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც გამოძიება ექსპერტიზის პასუხებს მიიღებს.