ჩოხატარუში ავარიის შედეგად დაღუპულ ახალგაზრდებს გლოვობენ. ტრაგედია 1-ელ ოქტომბერს დატრიალდა. 4 ახალგაზრდა უმძიმეს ავარიაში მოყვა, მათგან სამი ადგილზე დაიღუპა, ერთის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
გარდაცვლილები ჩოხატაურის რაიონის სოფლებიდან იყვნენ. დაღუპულებს შორის სამართალდამცველიც არის, გიორგი ხაჯიბეგოვი, რომელიც ჩოხატაურის სოფელ ვანზომლეთიდან იყო. ასევე გარდაცვლილია გოგა მეფარიშვილი. მას მეუღლე და შვილები დარჩა. ის სოფელ გორაში ცხოვრობდა. ხოლო მესამე გარდაცვლილი თომა ჟღენტია, სოფელ სამებადან.
ადგილობრივების ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის ადგილიდან გავრცელებული კადრებით თუ ვიმსჯელებთ, სადაც სრულად განადგურებული ორი მანქანა ჩანს, შეჯახება ძალიან ძლიერი იყო.
ადგილობრივებს მომხდარიდან ორი დღის შემდეგაც საუბარი ძალიან უჭირთ. ამბობენ, რომ რაიონმა არაჩვეულებრივი ახალგაზრდები დაკარგა.
“საშინელი ტრაგედია დატრიალდა რაიონში. შოკირებული ვართ ყველა. გოგას და თომას ახლოს ვიცნობდი, გიორგის – შორიდან. ვიცოდი, რომ არაჩვეულებრივი პიროვნება იყო, ყველას გვერდში მდგომი. პარასკევს ჩამოდის გოგას დედა ემიგრაციიდან. გოგას უფრო ახლოს ვიცნობდი, ჩემი მეზობელია. ორი მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე დარჩა.
არაჩვეულებრივი ბიჭი იყო. კიდევ არ მჯერა, რომ ვეღარ ვნახავ. ოჯახის მოყვარული ბიჭი იყო, არაჩვეულებრივი მეუღლე, მამა და მეგობარი იყო. თუკი ვინმე სთხოვდა დახმარებას, უარს ვერავის ეუბნებოდა.
ტრაგედიის დღეს მაღაზიასთან იყვნენ ყველა, წვიმდა და გაჩერებას აფარებდნენ თავს. გოგამ მისი მანქანა მაღაზიასთან დატოვა, რადგან თომამ სთხოვა გაყოლა რაიონში, დამიჯექი საჭესთანო და მანაც უარი ვერ უთხრა.
უცებ მოხდა ყველაფერი. ნახევარი საათი არ იყო გასული, რომ ვიღაცამ მაღაზიაში ამბავი მოიტანა საშინელი ავარიაა ერთ-ერთ შესახვევთანო, ჩოხატაურიდან ბრუნდებოდნენ საცოდავები, რომ მოხდა ავარია. საშინლად წვიმდა. ჯერ კიდევ შოკირებულები ვართ, ისეთი ზრდილობიანი და პატიოსანი ბიჭები დავკარგეთ” – განუცხადა “ამბებს” ადგილობრივმა.
წყარო: ambebi.ge