სამი დღეა, რაც რუსული მედია, თბილისში მომხდარი შემთხვევის შესახებ წერს. შეგახსენებთ, რომ 27 სექტემბერს, 24 წლის მოსკოველი არინა გლაზუნოვა, რომელიც საქართველოში მოგზაურობაზე ოცნებობდა, ტრაგიკულად დაიღუპა თბილისში. ქალი მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავარდა. უბედური შემთხვევა ქალაქის ცენტრში მოხდა, რომელიც ტურისტებით არის სავსე.
არინამ მხოლოდ მეორე ცდაზე შეძლო საქართველოში ჩამოსვლა. პირველი ვიზიტი არ შედგა, რადგან სახლში დარჩა პასპორტი, რის გამოც ვერ შეძლო იმ რეისით გაფრენა. საბოლოოდ, მისი ნანატრი მოგზაურობა მაინც შედგა, თუმცა ტრაგიკული დასასრულით.
იმ ღამესაც არინა, თბილისის ქუჩებში სეირნობდა. გოგონას მეგობარი ვიდეოს უღებდა, ამ დროს კი არინა ალა პუგაჩოვას ცნობილ ჰიტს მღეროდა. მოულოდნელად წონასწორობა დაკარგა და მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავარდა.
როგორც გაირკვა, მოაჯირის სიმაღლე გადასასვლელში მხოლოდ 35 სანტიმეტრია, მაშინ როცა სტანდარტული სიმაღლე 110 სანტიმეტრს შეადგენს” – წერს რუსული მედია. ხუთი მეტრის სიმაღლიდან ვარდნა არინასთვის ფატალური აღმოჩნდა.
24 წლის გოგონამ მრავლობითი მოტეხილობა მიიღო, მათ შორის თავის ქალის ფუძის. ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, ის 27 სექტემბერს გარდაიცვალა, ისე რომ გონზე არ მოსულა.
“არინას საერთო ნაცნობები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ იმოგზაურეს თბილისში და გადასასვლელი ნახეს, შოკში ჩავარდნენ” – ამბობს გარდაცვლილის მეგობარი ოლგა. “ჩვეულებრივ გადასასვლელებში მოაჯირის სიმაღლე 110 სანტიმეტრია, იქ კი მხოლოდ 35. ვარდნის სიმაღლე ხუთი მეტრია. ეს ქალაქის ცენტრია, სადაც ტურისტები მუდმივად მოძრაობენ”.
ოცნებები და მოულოდნელი სიკვდილი
არინა ნათელი და მხიარული გოგონა იყო, რომელიც მსახიობობაზე ოცნებობდა, მაგრამ ვერ შეძლო თავისი მიზნის მიღწევა. მისი მეგობრის, ოლგას თქმით, არინა ყოველთვის მზად იყო თავგადასავლებისთვის. ის ცოტა ინფანტილური იყო, მაგრამ ძალიან თბილი და სასიამოვნო.
თითქოს ბედი აფრთხილებდა არინას, როდესაც პირველი მოგზაურობის მცდელობისას მას პასპორტი სახლში დარჩა და თვითმფრინავი თბილისში მის გარეშე გაფრინდა. თუმცა, მან ეს ნიშანი არ გაითვალისწინა და ექვსი თვის შემდეგ მაინც გაფრინდა. ამ დიდი ხნის ნანატრი მოგზაურობის შემდეგ, ახალგაზრდა რუსი გოგო სახლში აღარ დაბრუნდება…
მართლა არ მესმის, როგორ მოხდა ასეთი რამ. მშობლებთან ჯერ არ მივსულვარ, მაგრამ მეშინია იმის წარმოდგენაც კი, როგორ უძლებენ ამას… საშინელებაა იმის გაფიქრებაც, თუ რა მდგომარეობაში არიან ახლა მშობლები” – ამბობს გარდაცვლილის მეგობარი.
“ოჯახის მეგობრები ახლა ცდილობენ მოითხოვონ სახიფათო გადასასვლელის რეკონსტრუქცია, რომელიც ტრაგედიის მიზეზი გახდა. მათი მიზანია მისი უსაფრთხოება და მსგავსი უბედური შემთხვევების თავიდან აცილება მომავალში” – წერს რუსული მედია.
წყარო: Ambebi.ge