ცნობილი თელაველი ტიკტოკერი მარი ომანაშვილი 33 წლის ასაკში, ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა. მარის, როგორც თელავში, ასევე მთელ საქართველოში, სოციალური ქსელების წყალობით, კარგად იცნობდნენ.
ის საზოგადოებას წლების წინ თელაველმა ქველმოქმედმა დინა ნაწიფაშვილმა გააცნო. ქალს, რომელსაც ალკოჰოლთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა, დინას ძალისხმევით, პატარა სახლი-კონტეინერი დაუდგეს. დინა და მარი ხშირად წერდნენ ერთად ვიდეოებს. მარი სოციალურ ქსელში განსაკუთრებულად უყვარდათ.
ინფორმაცია მარის გარდაცვალების შესახებ ორი საათის წინ გავრცელდა.
“მეგობრებო, მარიმ დაგვტოვა. ვერ ვაზროვნებ, ძალიან ცუდად ვარ. რა გავაკეთო, მომხედეთ, გთხოვთ. რეფერალურში ვარ, აქ ჰყავთ მარი. ვის მივაკითხო, არ ვიცი. მანქანას გაუტანია“, – დაწერა დინამ სოციალურ ქსელში.
რა მოხდა თელავში, როგორ გარდაიცვალა 33 წლის მარი ომანაშვილი, ამის თაობაზე დინა გვესუბრება:
– ამ დროისთვის ზუსტად არ ვიცი, რა მოხდა. მომწერეს და მითხრეს, რომ მარი ავარიაში მოჰყვა. ზოგი მწერდა, – ნუ ნერვიულობ, კარგად იქნებაო, მაგრამ რეფერალურში გარდაიცვალა. ავარია, სავარაუდოდ, მის სახლთან მოხდა. არ ვიცი, დაკავებულია თუ არა მძღოლი, არანაირი დეტალი არ ვიცი, ძალიან ცუდად ვარ.
– დინა, მარის ბოლოს როდის ესაუბრეთ?
– გუშინ, ალავერდობას. დღეს აღარ შემხმიანებია. საზოგადოებამ იცის, რომ მარის ალკოჰოლთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა, მაგრამ შემთხვევის დროს ნასვამი იყო თუ არა, არ ვიცი. დაკრძალვის ხარჯებში თელავის მერია გვეხმარება, მაგრამ საზოგადოების დახმარება მაინც დაგვჭირდება.
ახლა, თქვენ რომ დამირეკეთ, მარის სახლში მივდივარ, უნდა დავალაგო, რომ იქ მოასვენონ.
– განსაკუთრებული ურთიერთობა გქონდათ მარისთან, ის თქვენ გააცანით საზოგადოებას…
– არ ვიცი, ამას როგორ გადავიტან, ძალიან მიმძიმს, ცუდად ვარ. სულ ვცდილობდი, რომ მარის სასმელი არ დაელია. ამ დროს ტირილს ვიწყებდი, ვთხოვდი, გეხვეწები, არ დალიო-მეთქი. ამ დროს თვითონაც ატირდებოდა, – ყოველდღე ხომ აღარ ვსვამ, ხანდახან არა უშავსო.
თელავში ყველას უყვარდა მარი და სოციალურ ქსელშიც უამრავი შეტყობინება მომდის. ყველა შეძრულია მომხდარით…