„უკვე ეჭვები მიჩნდება, ხომ არ არის ეს ვიღაცის ინტერესებში შემავალი მკვლელობა და ვიღაცამ ოპოზიციისთვის ნიადაგის მიცემა ხომ არ სცადა?!“ – დიდ დიღომში დატრიალებულ ტრაგედიაზე?

18 სექტემბერს საკუთარ ბინაში ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე მოკლეს. იმის მიუხედავად, რომ ყველა ფაქტის მიხედვით მკვლელობა მეგობარი მამაკაცის მხრიდან, სავარაუდოდ, პირადი მოტივით არის ჩადენილი, ოპოზიცია და მასთან აფილირებული ენჯეო სექტორი, ე.წ. უფლებადამცველები ცდილობენ ფაქტი პოლიტიკურ კონტექსტში განიხილონ.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე for.ge-სთან ამბობს, რომ მოხდა უდიდესი ტრაგედია, მაგრამ ამ მძიმე დანაშაულის ოპოზიციის მხრიდან საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენება, კიდევ უფრო დიდი ტრაგედიაა.

„მიუხედავად იმისა, რომ ყველა ასპექტით და უამრავი მოწმის ჩვენების მიხედვით, კესარია აბრამიძე მისმა პარტნიორმა პირადი მოტივით მოკლა. ე.წ. მესამე სექტორი და მასთან აფილირებული პოლიტიკოსები ხელს მმართველი გუნდისკენ იშვერენ და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ. არც გამოძიებას ელოდებიან, არც იმ გარემოებებს ითვალისწინებენ, რომელიც უკვე ღიად ჩანს ამ ორ ადამიანს შორის რა სახის კონფლიქტი არსებობდა. ასე, უაპელაციოდ, რაც პირზე მოადგებათ, საუბრობენ. გვახსოვს ძალიან ბევრი გახმაურებული მკვლელობა, რომლითაც მანიპულირებდნენ. საწყალ, გაუბედურებულ ოჯახის წევრებს ტყუილებს ეუბნებოდნენ და პოლიტიკური დღის წესრიგისთვის იყენებდნენ. ასე მოხდა ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე, ხორავას ქუჩის საქმეზე, შაქარაშვილის მკვლელობის ამბის გამოყენებაც სურდათ. რომელი ერთი შეიძლება ჩამოვთვალოთ“, – განაცხადა ქადაგიძემ.

იგი ამბობს, რომ მიზანმიმართულად უნერგავენ მოსახლეობას აზრს იმის შესახებ, ვითომ ამ ადამიანის სათანადოდ დასჯა არ მოხდება.

„მე, მაგალითად, მართლა ეჭვები მიჩნდება უკვე, ხომ არ არის ეს კანონის შემდეგ მართლა მიზანმიმართულად, ვიღაცის ინტერესებში შემავალი დანაშაული. ოპოზიციისთვის ვიღაცამ ნიადაგის მიცემა ხომ არ სცადა?! ძალიან არასანდო და ყველაფერზე წამსვლელი ხალხია, რომლებიც თვალს არაფერზე დაახამხამებენ. ამიტომ ეს ადამიანი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება და საუბარი იმაზე, რომ ვითომ ვინმე ხელის დაფარებას აპირებს, უნამუსო და სამარცხვინო განცხადებებია“, – აღნიშნა ქადაგიძემ.

წყარო: for.ge